ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით, "მაესტროს" წილის შესაძენად ირაკლი რუხაძემ ფული ასესხა

ძალიან დიდი ტვირთი უნდა ავიღო ჩემს თავზე, რომ "მაესტროს" რეიტინგი გავზარდო, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ "მაესტროს" პარტნიორთა კრების დაწყებამდე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მისი და მისი ძმის მიზანია გაკოტრებული ტელევიზია გადაარჩინონ.

"ეს არ არის აქციონერთა პირველი კრება. მე არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ მთლიანად კომპანია შემასწავლინონ და მე დავდებ გეგმას ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად. მთავარია, რომ ტელეკომპანიის რეიტინგი 15%-დან 4%-მდე არის დაწეული. ჩემი ძმის სატელევიზიო კრეატიული აზროვნების მეშვეობით, იმედი გვაქვს, რომ რეიტინგს ავწევთ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. მან კომენტარი გააკეთა ირაკლი რუხაძის მონაწილეობაზე "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.

"ირაკლი რუხაძემ ფული გვასესხა, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მედია იყოს თავისუფალი და ფინანსურად დამოუკიდებელი", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება "მესტროს" სამომავლო გეგმებს, ტელეკომპანიის ფორმატი შეიცვლება და განხორციელდება ბევრი სიახლე, ყველაფერი კი, იქნება გამჭვირვალედ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი კადრი დარჩება ტელევიზიაში.