გიგლა აგულაშვილი - კახეთში დიდი რაოდენობით გაზის აღმოჩენაზე ინფორმაცია თუ დადასტურდა, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კახეთში დიდი რაოდენობით გაზის აღმოჩენის თაობაზე "ფრონეტრას" ინფორმაცია თუ დადასტურდა, მთავრობა ადეკვატურ ზომებს გაატარებს. ამის შესახებ აგულაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, "ფრონტერას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

"ეს არ არის პირველი განცხადება "ფრონტერას" მხრიდან ასეთი დიდი მარაგების გაზის რაოდენობის აღმოჩენის თაობაზე. დღეს უფრო მეტი ინტენსივობით საუბრობენ ისინი ამის შესახებ. თუ ვინმე იქნება ბედნიერი და კმაყოფილი ასეთი ინფორმაციის დადასტურებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვიქნები მეც, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, მითუმეტეს, ეს ჩემი რაიონია, საიდანაც ვარ წარმოშობით. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი გახდეს, საჭიროა, რომ საკითხი უფრო ღრმად იქნას შესწავლილი სპეციალისტების მხრიდან, წარმოდგენილი იქნას მეტი მტკიცებულება. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გაატარებს ადეკვატურ ზომებს იმისათვის, რომ აღნიშნული რესურსი (თუ ის არსებობს), მოპოვებულ და გამოყენებულ იქნას ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა აგულაშვილმა.

ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია Frontera Resources-ის ინფორმაციას ეყრდნობა.