საეთერო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამეში 16 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს

საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დგინდება - მაუწყებლობა დღე-ღამეში არანაკლებ 16 საათით უნდა განხორციელდეს. ამას "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა იმ მიზნით დგინდება, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული სიხშირული რესურსი და დაცული იქნას მომხმარებელთა ინტერესები, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ დღე-ღამის სულ მცირე 2/3-ში უწყვეტი მაუწყებლობით.

"ვინაიდან, საუბარია მაუწყებლობაზე, რომელიც გამოიყენებს საზოგადოებრივ სიკეთეს (რომელიც თავის მხრივ ამოწურვადი სერვისია) - სიხშირულ რესურსს და მაუწყებლობს ღია ეთერით, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, მათთან დადებული წინასწარი ხელშეკრულების მიუხედავად (განსხვავებით საკაბელო ან თანამგზავრული მაუწყებლობისგან), მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ღია ეთერში მაუწყებლების დიდი არჩევანი. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 16 საათით დღე-ღამეში", - განმარტავს ეკონომიკის სამინისტრო.