გია გაჩეჩილაძე არ აკონკრეტებს, რა თანხა ასესხა ირაკლი რუხაძემ "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შესაძენად

"მაესტროს" მეწილე გია გაჩეჩილაძე არ აკონკრეტებს, რა თანხა ასესხა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის შესაძენად. როგორც პარტნიორთა კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა გავრცელებული ცნობით, თანხა 2,5 მილიონს შეადგენს. ამასთან, გია გაჩეჩილაძისთვის გასაკვირია, რატომ აქვს მედიას ამხელა ინტერესი, მაშინ როდესაც "მაესტრო" კერძო კომპანიაა.

რაც შეეხება იმას, რომ პარტნიორთა კრებაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელი არ დაუშვეს, რომელიც აღნიშნულს "დაკვირვების მიზნით" ითხოვდა, გაჩეჩილაძის თქმით, საქმე კერძო კომპანიას ეხება და არასამთავრობო ორგანიზაციები "არაფერ შუაშია".

"საქმე კერძო კომპანიას ეხება და არასამთავრობო რა შუაშია? კრებას რატომ უნდა დაესწროს ის ხალხი, ვინც არ უნდა დაესწროს?", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემაც, რომლის თქმითაც, კრებაზე მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება, თუმცა გადაწყვეტილება კრების დასასრულს გახდება ცნობილი. ბაია გადაბაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარტნიორთა კრებამ ხმათა უმრავლესობით უნდა გადაწყვიტოს.