სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა და ფოთის მერმა ფოთის პროფესიული კოლეჯი "ფაზისი" დაათვალიერეს

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთის პროფესიული კოლეჯი "ფაზისის" სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სტუდენტთა პროფესიებისა და სპეციალობების შერჩევა-დაუფლების პროგრამებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე სტუმრებს კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძე ესაუბრა.

პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი'' მრავალმხრივი მიმართულებისაა. კოლეჯში ეუფლებიან ბუღალტრის, მოლარის, საბაჟო დეკლარაციების სპეციალისტის, საბაჟო წარმომადგენლის, ოფისის მენეჯერის, ელექტრიკოსის, დურგლის, ძრავის შემკეთებლის, საკერავი მანქანის ოპერატორის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, სტილისტის, სასტუმროს საქმის მწარმოებლის, გემის სამანქანე განყოფილების, რიგითი მეზღვაურის პროფესიებს.

გასულ სასწავლო წელს კოლეჯის 1 200-მა კურსდამთავრებულმა მიიღო სპეციალობა. კოლეჯში მოქმედი ყველა სასწავლო-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, როგორც პროგრამების შემუშავების, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისით. კოლეჯი გასცემს სახელმწიფო დიპლომს.