"ენერგო-პრო ჯორჯიამ" თიანეთის რაიონის სოფლების გამრიცხველიანება დაასრულა

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" თიანეთის რაიონის სოფლების გამრიცხველიანება დაასრულა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ევროპული სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები, საერთო ჯამში, 51 სოფელში 6358 აბონენტს დაუმონტაჟდა. მათივე ინფორმაციით, თიანეთში გამრიცხველიანების პროექტის განხორციელების მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" განახორციელა 2 225 300 ლარის ინვესტიცია.

"აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს, ის მოიცავს ქსელის რეაბილიტაციასაც; შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში თიანეთში ძველი ამორტიზირებული დგარები შეიცვალა 2000-მდე რკინა-ბეტონის საყრდენით, დაზიანებული საკაბელო სისტემა შეიცვალა ახალი 225 067 მ სიგრძის თანამედროვე კაბელით და ა.შ. ქსელის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ რეგიონში მოეწყო საიმედო ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს და მას უფრო სტაბილურს გახდის.

თიანეთთან ერთად, უკვე მთლიანად დასრულებულია ლანჩხუთის, აბაშის, სენაკის, წალენჯიხის, ბაღდათის, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონების სოფლების გამრიცხველიანება; აგრეთვე, საქართველოს რეგიონებში დასრულებულია ყველა ქალაქის გამრიცხველიანებაც. რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება. ის ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაიწყებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციას," – განაცხადა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.