აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოსთვის დაფინანსების 2%-ით გაზრდას ითხოვს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის დაფინანსების 2%-ით გაზრდას ითხოვს.შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საბჭომ პარლამენტში უკვე წარადგინა. ინიცირებული პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 17%-ით უნდა დაფინანსდეს, ნაცვლად 15%-სა. გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე ჩაირიცხება.

პროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზიას და რადიოს დაფინანსება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გაეზარდოს, რადგან კანონის ამოქმედების ვადად, სწორედ ეს თარიღია განსაზღვრული.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად გადასვლისათვის და პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებისთვის, თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდისათვის, უმნიშვნელოვანესია დაფინანსების გაზრდა", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.