"მაქრო ქონსთრაქშენი" "თბილისი 2016"-ის პლატინის სპონსორი გახდა

"მაქრო ქონსთრაქშენი" "თბილისი 2016"-ის პირველი პლატინის სპონსორი გახდა. ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზატორსა და კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც "თბილისი 2016"-ის პრესსამსახურში აცხადებენ, დოკუმენტს ხელი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა და კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორმა მურათ ავჯიმ მოაწერეს.

"თბილისი 2016" არის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არის ასევე ისტორიული ღონისძება იმიტომ, რომ პირველად ტარდება ევროპის მასშტაბით - პირველი ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისევე ქართულ ბიზნესს", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორის მურათ ავჯის განცხადებით, მათთვის პატივია 2016 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატის სპონსორობა. "ჩვენ ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდ წარმატებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდით ვიწყებთ ახალ პროექტს "ახალ თბილისში" და ეს იქნება სინტერესო, ახალი სტილი, ახალი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის", - განაცხადა კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" დირექტორმა მურათ ავჯიმ. 2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი 14-დან 17 ივლისამდე უმასპინძლებს. საქართველოს 1200-მდე სპორტსმენი და 400-მდე ოფიციალური პირი ეწვევა.