ჯანდაცვის სამინისტრო "ჰერცეპტინით" ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრეპარატ "ჰერცეპტინით" ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროში ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ. დავით სერგეენკოს განმარტებით, რეფორმის მთავარი მიზეზი მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დამატებითი შეღავათები და მედიკამენტზეც მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ექნებათ.

"თბილისის მერიამ გარკვეული პერიოდის წინ მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოიჩინა, როდესაც "ჰერცეპტინის" მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამ მოლაპარაკებებმა საშუალება მოგვცა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი. შესაძლებლობა მოგვეცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეხორციელებინა პროექტი, რასაც მერიამ ჩაუყარა საფუძველი. პრეპარატ "ჰერცეპტინის" საჭირო რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 12-13-ია. ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღირებულების 80%-ს აფინანსებს. პაციენტს მკურნალობა წელიწადში 50 000 ლარის ფარგლებში უჯდებოდა, ეს ღირებულება 7 000 ლარამდე შემცირდა. ნაწილი დააკლო კომპანიამ, 80%-ს ანაზღაურებს სამინისტრო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პრეპარატ "ჰერცეპტინის" მისაღებად პაციენტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა 100, მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა, სოციალურ კატეგორიას მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ასევე გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე დასკვნები. დავით სერგეენკომ ქალბატონებს სკრინინგის შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე moh.gov.ge და ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 15-05.