ზამთრის საკურორტო ზონაში თანამედროვე ვერტმფრენით ტურისტული ჯგუფების მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ზამთრის საკურორტო ზონაში თანამედროვე ვერტმფრენით ტურისტული ჯგუფების მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" გერმანულ კომპანიაზე HTM Helicopter Travel Munich GmbH ზამთრის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH ოპერირებას 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელებს. კომპანიისთვის ფრენების ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს "ჰელიქსირმა" მომართა. HTM Helicopter Travel Munich GmbH-ის კუთვნილი AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია "ჰელიქსირი" გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, "Heli-skiing" ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, HTM Helicopter Travel Munich GmbH მეორე უცხოური ვერტმფრენების კომპანიაა, რომელიც წელს საქართველოს ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიულ კომპანია "Wucher Helikopter Gmbh"-ზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით გასცა.

"აღნიშნული კომპანიების ოპერირება საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარებას, საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე უცხოელი ტურისტების მოზიდვას და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ სამინისტროში.