გიორგი ქადაგიძე - არანაირი კავშირი სუბორდინაციის თვალსაზრისით არ არსებობს სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის

ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ აღნიშნული კანონპროექტი იმ ფორმით, რა ფორმითაც არის შემოთავაზებული, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს თავისი საკონსტიტუციო მანდატის შესრულებას , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დაკითხვის დროს განუცხადა. როგორც გიორგი ქადაგიძემ განმარტა, სადაც ფინანსურ ზედამხედველობას აკეთებს ცალკე გამოყოფილი სააგენტო და არა ეროვნული ბანკი, არცერთ ასეთ ქვეყანაში ეროვნული ბანკის მანდატში არ შედის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.

"კანონმდებელმა თვითონაც იცოდა კონსტიტუციასთან ამ მუხლების შეუსაბამობა. კანონპროექტშივე ჩაწერა ტერმინი, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მეშვეობით. ამ ფრაზით იყო მცდელობა, რომ მოხდეს იმდაგვარი განმარტება, თითქოს ეროვნული ბანკი მაინც გააგრძელებს ამ სააგენტოს მეშვეობით ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას. ესეც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ზუსტად იგივე წარმატებით შეიძლებოდა დაწერილიყო, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ სტაბილურობას ხელს უწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ან სასამართლოს ან სხვა მესამე უწყების საშუალებით. არანაირი კავშირი სუბორდინაციის თვალსაზრისით არ არსებობს სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.