ბათუმის მერია ბულვარის მართვაზე უარს ამბობს

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბულვარის მართვაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორც მერმა განმარტა, ჯერ უნდა დასრულდეს ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შემდეგ კი სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მერია შეძლებს ბულვარის მართვას. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ამ ეტაპზე ბულვარის გადაცემის პროცესი სამართლებრივ სირთულეებს შექმნის და შესაძლოა, ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე მენეჯმენტის შეცვლამ შეფერხებებიც გამოიწვიოს.

"მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დასრულდეს ის კაპიტალური პროექტები, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტთან არის შეთანხმებული. ახალი პროექტები ვერ განხორციელდება მერიასთან შეთანხმების გარეშე. საკრებულოს მომდევნო სხდომაზე მერია შევა წინადადებით, მიიღოს ნებართვა შპს თუ აიპ-ის დაფუძნების თაობაზე. კაპიტალური პროექტების დასრულების შემდეგ ეს განკარგულება შევა ძალაში და ჩვენ შემდეგ მთლიანად შევისწავლით არსებულ მენეჯმენტსა და იმ საჭიროებებს, რომელიც ბულვარის მართვისთვის არის საჭირო", - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. არჩილ ხაბაძემ მერიას ბულვარი თავისი 11 მილიონიანი ბიუჯეტით შესთავაზა. აჭარის მთავრობის თავჯდომარის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო, მას შემდეგ, რაც ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციას პროტესტი მოჰყვა. არჩილ ხაბაძემ თანამდებობიდან გადააყენა ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი, ახალი დირექტორის დანიშვნა კი გიორგი ერმაკოვს მიანდო.