რუსეთს სანქციები ყირიმზე კონტროლის აღდგენამდე არ მოეხსნება

რუსეთს სანქციები უკრაინის მიერ ყირიმზე კონტროლის აღდგენის შემდეგ მოეხსნება. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე გუშინ მიიღეს.

"უკრაინის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ პირობას, რომელიც საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობის აღსადგენად, მათ შორის შესაბამისი სანქციების შესაჩერებლად", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ამავე დოკუმენტში გმობს ნახევარკუნძულზე მცხოვრებთა უფლებების დარღვევის უპრეცედენტო დონეს, განსაკუთრებით ყირიმელ თათრებთან მიმართებაში. ასევე საუბარია ყირიმში გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების კუთხით უფლებების დარღვევაზე.

ამავდროულად, ევროპარლამენტი მიესალმება უკრაინის ინიციატივას, შეიქმნას ყირიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი ფორმატი "ჟენევა პლუსი", რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის, აშშ-სა და ბუდაპეშტის მემორანდუმის წევრთა მონაწილეობას.