გიორგი მარგველაშვილი - "გაზპრომის" საკითხი საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ან ენერგეტიკული მნიშვნელობის მატარებელი არ არის

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "გაზპრომის" საკითხი საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ან ენერგეტიკული მნიშვნელობის მატარებელი არ არის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, "გაზპრომის" საკითხის განხილვისას საჭიროა ერთგვარი "ჩარჩო ურთიერთობების ჩამოყალიბება".

"გაზპრომის" თემატიკა, მარტივად რომ ვთქვათ, არ არის არც მხოლოდ ეკონომიკა, არც მხოლოდ ენერგეტიკა. "გაზპრომის" თემატიკა არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკაც და ეკონომიკაც. სწორედ ამიტომ, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს ჩარჩო ურთიერთობა, რომლის კონტექსტშიც იწარმოება "გაზპრომთან" ურთიერთობა. მე არ ვამბობ, რომ ასეთი ქმედებებია გასატარებელი ზურაბ აბაშიძის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად თანამშრომლობს კულტურული და ეკონომიკური საკითხების ირგვლივ რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება კითხვას - უნდა განიხილებოდეს თუ არა "გაზპრომის" საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატში, მარგველაშვილი განმარტავს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა უკეთესი იქნება, თუ თემის განხილვა მოხდება მთავრობის სხდომაზე.

"მე მგონია, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში შეიძლება ამ თემაზე საუბარი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მთავრობის სხდომაზე უნდა დამდგარიყო, მაგრამ წინა პრემიერ-მინისტრის დროს ჩემი ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს საუბარი იმიტომ, რომ მთავრობის ფართო სპექტრი უნდა ესწრებოდეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.