მსოფლიოში სურსათის ფასები დაეცა

მსოფლიოში სურსათის ფასებმა ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იტყობინება.

ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ თვეს ფასები საკვებ პროდუქტებზე 1,9%-ით შემცირდა, აქედან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შაქრის ფასმა დააფიქსირა.

2014 წელთან შედარებით, ფასების ინდექსი 16%-ით შემცირდა და 150,4 ნიშნული შეადგინა, რაც 2009 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გაერო-ს ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დაბალი ფასები გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადაჭარბებული შეთავაზებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებითა და აშშ-ის ეროვნული ვალუტის გამყარებით.

რძის პროდუქტის ფასების ინდექსი გასულ თვეს 3%-ით შემცირდა, ევროკავშირსა და ახალ ზელანდიაში მშრალი რძის მარაგის გაზრდის გამო.

მარცვლეულის ფასების ინდექსი, მაღალი საბაზრო კონკურენციის, დოლარის გამყარებისა და მსოფლიოს მარაგის გაზრდის გამო 1,7%-ით შემცირდა.

მსოფლიოში სოიოს ზეთის მარაგის გაზრდის გამო, მცენარეული ზეთის ფასი 1,7%-ით შემცირდა.

ხორცეულის ფასის ინდექსი კი გასულ თვეს 1,1%-ით შემცირდა. გაიაფდა ხორცპროდუქტის ყველა კატეგორია, ღორის ხორცის გარდა.