Monte dei Paschi di Siena - მსოფლიოს უძველესი ბანკი

ბანკის მუზეუმის წინ მსოფლიოს პირველი ეკონომისტის სალუსტიო ბანდინის ძეგლია აღმართული

მსოფლიოს უძველესი ბანკი Monte dei Paschi di Siena იტალიაში, ქალაქ-რესპუბლიკა სიენაში მდებარეობს. საბანკო დაწესებულება 1472 წლის 27 თებერვალს დაარსდა, რათა სესხის აღების საშუალება მიეცა ყველა მათთვის, ვისთვისაც ეს საჭირო იყო. ბანკის მფლობელებმა ლოიალურობის სტრატეგია აირჩიეს ყველაზე უპოვარი მოქალაქეების მიმართაც კი. ბანკი დღემდე ამ სტრატეგიის ერთგული დარჩა, სესხის აღება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სამსახური აქვს.

თავდაპირველად ბანკს Monte di Pietà ეწოდებოდა, შემოკლებით Monte Pio (სიტყვიდან ”Monte” - ფულის გროვა). მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ Monte dei Paschi di Siena-ზე, რაც კანონზომიერია, რადგანაც ბანკი სწორედ ამ ქალაქის იურისდიქციას ექვემდებარება.

მსოფლიოს უძველესი ბანკი მშვენიერი ქალაქის ისტორიულ-ფინანსურ მემკვიდრეობას წარმოადგენს. სიენა სავაჭრო, კრედიტირების გამართული სისტემისა და საბანკო ტრადიციების მატარებელი უძველესი ქალაქი-რესპუბლიკა გახლავთ.

ამერიკის აღმოჩენამდე 20 წლით ადრე დაარსებული ბანკი ადგილობრივი სოფლის მეურნეობითა და საძოვრებით (paschi - საძოვარი) იყო დაკავებული. მაგრამ იგი მალევე იქცა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკად და მჭიდრო კავშირში იყო მე-17 საუკუნის ამსტერდამის ”ტიტების მანიასთან”. ისტორიაში უმსიხვილესი ფინანსური საპნის ბუშტის გაბერვისას Monte dei Paschi di Siena (MPS)-მ დერივატივები გამოიგონა.

1593 წელს MPS - ევროპის უმდიდრესი ბანკი აქტიურად მოქმედებდა ამსტერდამის სავაჭრო ბირჟაზე და აფინანსებდა ჰოლანდიელ ვაჭარს იოჰანეს ფონ ბომელს, რომელიც თურქეთიდან ტიტების იმპორტით იყო დაკავებული. მალევე ტიტები ჰოლანდიელი უმდიდრესი ადამიანების ფეტიშად იქცა, ყვავილი ძალზედ ძვირად ფასობდა. მანიამ მთელი ევროპა მოიცვა, ქალაქებში გადასახურდავებელი ჯიხურები იხსნებოდა, სადაც ყიდულობდნენ და ყიდდნენ ტიტების აქციებს MPS-ის ლიცენზიით.

1630 წელს ტიტების Semper Augustus ჯიშის ბოლქვის ფასი 25 000 ევროს აღწევდა დღევანდელი კურსით. სწორედ იმ წელს ვინმე მესერ კუჩინოტის, MPS-ის სრულუფლებიან წარმომადგენელს ამსტერდამში, ფინანსური დერივატების იდეა მოუვიდა. MPS-მ ბოლქვების აქციების სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმება დაიწყო ბანკის ლონდონის ფილიალში დაზღვევით, რომელიც 6-თვიანი პოტენციური შემოსავლის გაყიდვებით იყო დაკავებული.

ამ აქტივების მყიდველები მომავალში ყიდდნენ მათ გაცილებით მეტ ფასად. შედეგად, 1632 წელს ერთმა აქტივმა 186 მფლობელი გამოიცვალა, ფასის ზრდით 1-დან 75-მდე.

რაღაც მომენტში ინვესტორებს ფინანსური პრობლემები გაუჩნდათ და მათ ტიტების აქტივების გაყიდვა დაიწყეს, ამას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია. 1637 წელს ბაზარზე პანიკა წარმოიშვა, რამაც დიდი ფინანსური კრახი გამოიწვია. კრახმა რამდენიმე ქალაქი მოიცვა - ამსტერდამი, ჰანოვერი, ლვოვი სრულიად დაცარიელდა. ოჯახების მიწის საკუთრებამ ბანკ MPS-ში გადაინაცვლა, მიწები არ მუშავდებოდა, გაჩნდა შიმშილობა, ბანკი კი უზარმაზარი უძრავი ქონების მფლობელი გახდა.

მას შემდეგ ბანკმა რეორგანიზაცია არაერთხელ განიცადა, მაგრამ იგი დღემდე რჩება იტალიის სიდიდით მეორე ბანკად, რომელიც დღემდე აგრძელებს განვითარებას. Monte dei Paschi di Siena-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში 3 000-ზე მეტი ფილიალი აქვს. მონტე დეი პასკი დი სიენა - ფინანსური ჰოლდინგის (ჯგუფი MPS) საფუძველი გახლავთ, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო-საინვესტიციო ცენტრებში მოღვაწეობს.

დუდანა ზაქარაია