"თბილისის მერია საზოგადოებას ატყუებს"

თბილისის მერია საზოგადოებას ატყუებს, როდესაც გერმანულს უწოდებს კომპანიას, რომლის რჩევაშიც - სააკაძის მოედანზე შუქნიშნის დამონტაჟების თაობაზე, 40 000 ევრო გადაიხადა.

ამის შესახებ ”ეკო-ტრანსპორტ” ცენტრის ხელმძღვანელმა, ვასო ურუშაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია, რომლისგანაც თბილისის მერიამ კონსულტაცია მიიღო, გერმანიაშია დარეგისტრირებული, მაგრამ რუსეთში საქმიანობს. ამიტომ თბილისის მერია, როდესაც მას გერმანულ კომპანიად მოიხსენიებს, საზოგადოებას ატყუებს.

„ეს არის რუსულ ბაზარზე ორიენტირებული კომპანია და მხოლოდ რუსული გამოცდილებით შემოიფარგლება. ამ კომპანიის უკან, რა თქმა უნდა, დგას თბილისის მერია, რადგან თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და გააფორმა ხელშეკრულება. კონკრეტულ პირებზე საუბარი ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება. ეს არის მთლიანად მერიის პოლიტიკა. პირველი შეცდომა, რაც მერიამ დაუშვა, არის ის, რომ ამ კონსულტაციის მომსახურებაზე კონკურსი არ გამოაცხადა”, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

მისვე თქმით, როცა მსოფლიოს, ევროპის მასშტაბით უამრავი ქვეყანა და უამრავი კომპანია არსებობს, რომლიც ამ საქმიანობით არის დაკავებული და თბილისის მერია სწორედ იმ კომპანიას არჩევს, რომელიც მოღვაწეობს ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის კორუმპირებული რუსეთი, ეს საფუძვლიან ეჭვებს აჩენს.

”მერიას 2016 წლის ბიუჯეტში 4 მილიონი აქვს გამოყოფილი კონსულტაციებისთვის და მსგავსი მომსახურებისთვის, რომელიც ამ კომპანიამ მერიისთვის შეასრულა. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაციები საინტერესო იქნება სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც. უნდა ხდებოდეს საკითხის საფუძვლიანად შესწავლა, გამოძიება და ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში აღარ შედის”, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ვასო ურუშაძის თქმით, შუქნიშნების სააკაძის მოედანზე დამონტაჟება არასწორი გადაწყვეტილებაა.

”პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელი იყო შუქნიშნის დამონტაჟების იდეა, ყველა ექსპერტს, ყველა სპეციალისტს ძალიან კარგად ესმის, რომ მსგავსი კვანძების განტვირთვა შუქნიშნის დამონტაჟებით შეუძლებელია. ეს ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს აღნიშნულ გზაჯვარედინებზე თუ წრიულ მოძრაობაზე კვეთს, აუცილებელია ერთმანეთს ავარიდოთ, ეს შეიძლება მოხდეს ესტაკადების მეშვეობით, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობით. შესაბამისად, შუქნიშნის დამონტაჟებამ თეორიულ დონეზე შეიძლება დაარეგულიროს მოძრაობა, მაგრამ მოძრაობას ვერ განტვირთავს, რადგან შუქნიშნის დამონტაჟების შემთხვევაში იზრდება ავტომობილის მოცდენის რეჟიმი, რაც ამცირებს გარკვეული კვანძის გამტარიანობის კოეფიციენტს, ამ შემთხვევაში საუბარია სააკაძის მოედანზე”, - აცხადებს ვასო ურუშაძე.