ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტი "დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად" ტექნოპარკში დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტი "დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად" ტექნოპარკში უკვე დაიწყო. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, პროექტს სააგენტო მესამედ ახორციელებს, სადაც ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, იდეის შესაბამისად დაამზადონ ლაბორატორიაში პროტოტიპები. მათივე ინფორმაციით, შესარჩევ დონეზე წარმოდგენილი 52 ინოვაციური იდეების მქონე გუნდიდან 22 შეირჩა, რომლებიც პროექტის ფარგლებში ტრენინგებისა და მენტორშიფის ეტაპს გაივლიან, თავიანთ იდეებს რეალობად აქცევენ და დასკვნით ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე თბილისი მოლში.

"ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრა თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს. თითოეულ მათგანს დიდი შესაძლებლობები აქვს. ლაზერული მჭრელით, 3D პრინტერით, CNC აპარატითა და სხვა დანადგარებით მონაწილეებს შეუძლიათ იმუშაონ ხეზე, ტყავზე და მუყაოზე, როგორც გრავირების, ასევე ჭრის სახით. 3D პრინტერი ეხმარება პროტოტიპირების, მნიშვნელოვანი დეტალებისა და ნაწილების დამზადების კუთხით. რაც შეეხება CNC აპარატს, მასზე გუნდებს შეუძლიათ ნებისმიერი ნივთის დამზადება ხეზე, მეტალზე, პლასტმასზე და სხვა არამყარ მასალებზე. მისი გამოყენება შესაძლებელია დიდი ზომის ნივთების დასამზადებლად. პროექტის "დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად" გუნდები ტრენინგებისა და მენტორშიფის ეტაპზე უკვე გადავიდნენ. უტარდებათ ტრენინგები ფინანსური, ფაბლაბის ტექნიკური, იურიდიული და მარკეტინგული მიმართულებებით. სააგენტოს გაუმჯობესებული ბიზნესების წარმოქმნისა და ინოვაციური პროდუქტების დამკვიდრების მოლოდინი აქვს. დამატებულია ავეჯის, ჭაღებისა და მოდის მიმართულებები, რაც საკმაოდ მრავალმხრივია და დიდ შემოსავალს გულისხმობს. ქვეყანაში განვითარებული ბიზნესი ეკონომიკური დონის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია, რასაც სააგენტოს მიერ ორგანიზებული მსგავსი პროექტები მომავალშიც შეუწყობს ხელს", - აცხადებენ სააგენტოში.