აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი, ფოსტის ყოფილი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, შესაძლოა საფეხმავლო გახდეს

აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ფოსტის ყოფილი შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შესაძლოა, მხოლოდ საფეხმავლო გახდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, დაგეგმილია, რომ აღნიშნულ მონაკვეთში გაიხსნას ღია კაფეები.

"აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილი დაგეგმილია, რომ საფეხმავლო გახდეს. ეს საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც მარშუტები გადალადგება ალტერნატიულ ქუჩებზე. მშენებლობის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე იქნება და ესეც გვიჩვენებს, თუ რამდენად გადალაგდება ტრანსპორტი სხვა პარალელურ ქუჩებზე. დაგეგმილი გვაქვს, რომ ერთი ნაწილი ფოსტის შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, იყოს საფეხმავლო, სადაც განთავსდება ღია კაფეები", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, რომლის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ნარმანიას შეფასებით, პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

"2016 წელს დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული 45 შენობა-ნაგებობის გამაგრებას, ფასადების მოპირკეთებას და შენობების კონსტრუქციული ნაწილის რეაბილიტაციას. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების სისტემა ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია დამატებითი გამწვანების კომპონენტის შეტანა, გამწვანდება. რეაბილიტირებული ნაწილი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ასევე მოწესრიგდება მშრალი ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია, 9 მარტისა და დედაენის ბაღები, მათ შორის კავშირის დამყარების მიზნით გაკეთდება მიწისქვეშა გვირაბი. მთლიანი ტერიტორია იქნება მნიშვნელოვნად მოწყობილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისა და ვიზიტორებისთვის, რაც ქალაქს სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მისცემს", - განაცხადა ნარმანიამ.