საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ

საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს კონსტანტინე სულამანიძეს მოწმის სახით უსმენენ. როგორც მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა პრობლემას არ წარმოადგენს. მისივე განმარტებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს მომხმარებელს, ჰქონდეს მრავალი ალტერნატივა ფულადი რესურსის მოძიებისთვის.

"მოწვეული ვარ მოწმედ იმისთვის, რომ განვმარტო თუ რა იქნება ამ კანონპროექტის საბოლოოდ ძალაში შესვლის შემდეგ. საუბარია, ფინანსური ზედამხედველობის გამოყოფაზე. სწორად უნდა გვესმოდეს ფინანსური ზედამხედველობა და არა მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა. ყველა ინსტიტუტები, რომლებიც საფინანსო სექტორშია ჩართული, მათ შორის ბანკები, საბროკერო ფირმები თუ სხვა, უნდა მოხდეს მათი ზედამხედველობა, საფონდო ბანკების განვითარება, ფინანსური სექტორის დივერსიფიცირება საქართველოში და ეს ჯამში ხელს შეუწყობს მომხმარებელს, ჰქონდეს მრავალი ალტერნატივა ფულადი რესურსის მოძიებისთვის", - აღნიშნა კონსტანტინე სულამანიძემ.

მისივე განმარტებით, წამყვანი და განვითარებადი ქვეყნების მაგალითებზე მსჯელობით შესაძლებელია, ამ მოდელის ეფექტიანად მუშაობაზე საუბარი. კონსტანტინე სულამანიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ბიუჯეტი გაიყოფა და ორ სტრუქტურაზე გადანაწილდება, რაც ხარჯების გაზრდას არ გამოიწვევს.

"წამყვან ქვეყნებში, ამერიკასა და ბრიტანეთში, პოლონეთში, მალტასა და ესტონეთში ეს მოდელი მუშაობს და ამას პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, აქაც ვერ ვხედავთ პრობლემას. გადავხედოთ ეროვნული ბანკის ბიუჯეტს რამხელაა, გავყოთ თანაბრად და მოიხსნება პრობლემაც", - აღნიშნა კონსტანტინე სულამანიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.