კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორს ხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა" ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი კითხვა დაგროვდა, რომელზეც პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, რის კონტექსტშიც მან "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა.

"რატომ ვსაუბრობთ "გაზპრომთან"? ვისი ინიციატივით? გვესმის თუ არა ის რისკები, რაც ამას თან სდევს? რატომ არის ჩვენი განცხადებები აზერბაიჯანის საწინააღმდეგო? რატომ არის სერიოზული რისკების მატარებელი "გაზპრომი"? მუდმივად გვესმის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომ ყველა ის კითხვა დაისმევა, რაც აქამდე გაგვიჟღერებია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ და იმედი გამოთქვა, რომ დახურულ შეხვედრაზე მაინც მიიღებს შესაბამის ინფორმაციას.

თავის მხრივ, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ მას აინტერესებს ის ათწლიანი გეგმა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ არის შემუშავებული.

"ასევე მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს "გაზპრომთან" მოლაპარაკებები. გარდა ამისა, საინტერესოა კომპანია "ფრონტერას" მიერ გაცხადებული დიდი მოცულობის რესურსები, რომელიც თითქოს საქართველოს გააჩნია. მაინტერესებს, რაზე დაყრდნობითაა ეს ინფორმაცია გავრცელებული და როდის დაიწყება მათი ათვისება", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულია 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.