CENN-ის მხარდაჭერით, თბილისის მერია მეტყევეებს გადაამზადებს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით, 10 თებერვალს ერთობლივად იწყებს ახალგაზრდა მეტყევეთა ასოციაციის მეტყევეებისა და ტაქსატორების ტრენინგს.

როგორც კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში აცხადებენ, ტრენინგი ეხება თბილისის შემოგარენში 1362 ჰექტარზე მავნებლებით დაავადებული და გამხმარი წიწვოვანი კორომების მონიშვნის სამუშაოების შესრულებისათვის მეტყევეების გადამზადებას და აღრიცხვის უწყისის შედგენას, რის შემდეგაც განხორციელდება გამხმარი ხეების მოჭრა და ტერიტორიიდან გატანა, ხოლო აღნიშნულ ფართობებზე მოხდება ტყის აღდგენის პროექტების შედგენა საშემოდგომო რგვებისთვის.

საქმიანობაში ჩართულები არიან სატყეო დარგის სპეციალისტები და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები, სამსახური ასევე უზრუნველყოფს მოხალისეთა ჯგუფების მომზადებას და ჩართვას. პროცესი ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილებას.