ქართული რესტორანი „რუსიკო“ პოლონეთში წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ვარშავაში მდებარე ქართულმა რესტორანმა „წლის საუკეთესო რესტორნის“ გამოკითხვაში გაიმარჯვა.

კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

,,10 წელია ეს ნომინაცია არსებობს. კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის დიდი პატივია. სამი დიპლომი წამოვიღეთ მე და ჩემმა შვილმა. უცხო ქვეყანაში ამხელა წარმატების მიღწევა ჩვენი რესტორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა რუსიკო თურქისტანიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

რესტორანი ,,რუსიკო,” სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქისტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა. დავით თურქისტანიშვილი 15 წელია, რაც პოლონეთში ცხოვრობს და ვიდრე საკუთარ რესტორანს გახსნიდა, ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა.

როგორც რუსიკო თურქისტანიშვილი აღნიშნავს, პოლონეთში კარგი გარემოა შექმნილი და მათი ოჯახური ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი უშლის. ადგილობრივებს კი ქართული სამზარეულო განსაკუთრებით მოსწონთ და შესაბამისად, სტუმრების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

რესტორანში თითქმის ყველა დასახელების ქართული კერძია წარმოდგენილი, მათ შორის ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, ტაბაკი, კუბდარი და სხვა. კერძების დასამზადებლად საჭირო სუნელები კი საქართველოდან ჩააქვთ.

„პოლონეთში რესტორნის გახსნა მხოლოდ ბიზნესი არაა. ვცდილობთ, ქართული კულტურა და ტრადიციული კერძები საუკეთესო კუთხით ვაჩვენოთ აქაურ საზოგადოებას, ფინანსური მოგება ამ ყველაფერს თავისთავად ახლავს”, - აღნიშნავს რუსიკო თურქისტანიშვილი.

სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო რესტორნებს გამოკითხვის საფუძველზე პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდტირაჟიანი და მასშტაბური გამოცემა „ვიბორჩა“ ასახელებს.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე