ბაჩო კიკაბიძემ მარეგულირებელ კომისიას "მაესტრო 24"-ის ტრანსლირების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართა

ბაჩო კიკაბიძემ მარეგულირებელ კომისიას "მაესტრო 24"-ის ტრანსლირების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თავდაპირველი მიზანია სატესტო რეჟიმში "მაესტრო 24" ყველა ოჯახში აჩვენებდეს.

"ტვ 11-თან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სტუდია "მაესტროს" ჰქონდა კონტრაქტი "ღამის შოუს" სტუდიასთან, რომელიც გასული წლის 31 დეკემბერს დასრულდა. მე ვარ ავტორიზებული პირი და მაქვს დამოუკიდებელი კომპანია, შპს "ტელეკომპანია მაესტრო". ჩემი ავტორიზაციის ფარგლებში მივმართე მარეგულირებელ კომისიას განცხადებით ტრანსლირების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არის ჯერჯერობით სატესტო სიგნალი. ჩემი პირველადი მიზანია, რომ ვინაიდან საარჩევნო წელია, მოვასწრო და სადაც ტრანსლაცია შეიძლება, ისე გავაკეთო, რომ საქართველოში ყველა ოჯახში იყოს "მაესტრო 24". ხალხს მივაწოდოთ კარგი ინფორმაცია. ამ თემაზე არავისთან საუბარი არ მქონია გარდა მამუკა ღლონტისა, რომელსაც ვთხოვე, რომ რადიო "მაესტროს" ხმა გაჰყვეს სატესტო რეჟიმში არხს, მანამ სანამ გავაკეთებ სიგნალის კორექტირებას", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

რაც შეეხება მაესტრო 24-სთვის თანხებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე დიდი ფინანსური რესურსი საჭირო არ არის და თავად უზრუნველყოფს დაფინანსებას, პარალელურად კი მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ დამფინანსებლებთან. რაც შეეხება "მაესტროს" სახელწოდების კიკაბიძისთვის ჩუქებაზე გია გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებას, ბაჩო კიკაბიძე განმარტავს, რომ მაესტროს სახელი თავად დაარქვა და თავიდანვე მისი იყო.

"გაჩეჩილაძის ადვოკატი გააზრებულად ცდება. როგორც საკუთარ შვილს ისე დავარქვი "მაესტროს" ეს სახელი და ტელესივრცეში იგი 1995 წლიდან ტრიალებს. ამ სახელის მფლობელები მე და ჩემი მეგობრები ვართ", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ. მისი თქმით, სატესტო რეჟიმში "მაესტრო 24" ნაქირავები ფართიდან მაუწყებლობს, თუმცა არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ფართი მაკა ასათიანის შენობაში დაიკავოს.