აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სამუშაოები დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილმა დაათვალიერა.

"პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზის საყრდენი კედლებისა და გვერდულების, წყალგამტარი მილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ასფალტის საფარის დაგება და მიმდინარეობს კიუვეტებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზა ერთმანეთთან 5 სოფელს აკავშირებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიდის. აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზას 40 წელია, რეაბილიტაცია არ ჩატარებია და აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარისაგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. მოსახლეობა ამორტიზებული გზის ნაცვლად, მინდვრების გავლით გადაადგილდებოდა. პროექტის ღირებულება 5 194 000 ლარია და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებზე 90 ადამიანია დასაქმებული", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.