სპორტის სასახლეში საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიებების ლოგოების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიებების ლოგოების პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად დაესწრო. ლოგოების გამოფენაზე ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი ხელბურთელები, ასევე, გულშემატკივრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. გამოფენის მსვლელობის დროს ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერანი ხელბურთელი და მსაჯი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

2016 წელს საქართველო მასპინძლობს სამ ევროპულ ტურნირს - 8-13 მარტი - მსოფლიო თასის გათამაშება ქალთა გუნდებს შორის (IHF/EHF Women`s Trophy 2016), 10-12 აპრილი - 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 20 წლამდე ვაჟთა გუნდების მონაწილეობით (2016 Men`s European 20 Championship, Qualification round) და 14-21 აგვისტო - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საფინალო ეტაპი 18-წლამდე ვაჟთა გუნდებს შორის (EHF Men`s 18 Championships 2016).

ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2016 წელს ხელბურთში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის (EHF Men`s 18 Championships 2016) და ქალთა გუნდებს შორის მსოფლიო თასის გათამაშების (IHF/EHF Women`s Trophy 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით ტურნირის ლოგოს შექმნაზე კონკურსი 8 იანვარს გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (მხატვრებს, დიზაინერებს, გრაფიკოსებს და ა.შ.) გამოცხადებულმა კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში მონაწილეობა ჯამში 60-მდე კონკურსანტმა მიიღო. გამოფენაზე მოხდება გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა და დაჯილდოვება. ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს გამარჯვებული შოთა ტრანკაშვილი გახდა, ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების საუკეთესო ლოგოს ავტორად კი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი მიიჩნიეს. კონკურსში გამარჯვებულები ხელბურთის ფედერაციისგან 500-500 ლარს მიიღებენ.