საფრანგეთში სუპერმარკეტებს იმ პროდუქტების გადაყრა აეკრძალათ, რომელიც არ გაიყიდა

კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან.

საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს მაღაზიის დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას უკრძალავს.

კანონის თანახმად, სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და კვების ბანკებს გადასცენ.

საფრანგეთის სენატმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონს.

კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან. კანონი სუპერმარკეტებს ასევე ავალდებულებს, წლის განმავლობაში ხელშეკრულება დადონ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან.

სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთის ერთი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 20-დან 30-მდე კგ. საკვებს ყრის. საერთო ჯამში კი, ნაგავსაყრელზე წლის განმავლობაში 13,4-22,4 მილიარდი ევროს პროდუქტი იყრება.

გაერო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული ყველა სახის საკვების პროდუქტის მესამედი - 1,3 მილიარდი ტონა იყრება, რაც ჯამში 750 მილიარდ დოლარს უდრის.