თბილისის მერიის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის მერიის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს. გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მერიის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მომხრე 30 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი 8. საკითხს სხდომაზე მხარი "ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" დეპუტატებმა არ დაუჭირეს.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა. გიორგი ლილუაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ გიგა ნიკოლეიშვილი სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობისას სანიმუშო ქცევითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. მას დამთავრებული აქვს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სახელმწიფო დაცვის სამსახურშიც მუშაობდა.

სხდომაზე კანდიდატის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ გამოხატეს. სევდია უგრეხელიძის თქმით, გიგა ნიკოლეიშვილს უსაფრთხოების მიმართულებით აქვს გამოცდილება და გაუგებარია, რაში უნდა გამოადგეს მას ეს გამოცდილება მერიაში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის დროს. გიორგი ლილუაშვილმა სევდია უგრეხელიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ გიგა ნიკოლეიშვილს მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც აქვს და თანამედროვე ხედვით აღჭურვილი კადრის მიყვანა მერიაში აუცილებელია. "უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის უფლებას არ უზღუდავს", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.