"მთავარი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაა"

რატომ უწოდებს თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის განცხადებას "არაკორექტულს?"

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას აუცილებლობად მიიჩნევს და პარლამენტს ამ კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისათვის ეროვნული ბანკის როლი უმნიშვნელოვანესია. "საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ, სწორედ ამ ვითარებაში საჭიროდ მივიჩნევ ამ კანონმდებლობის გადახედვას", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ფართო საზოგადოებრივი განხილვისა და კამათის საგანი გახდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კანონპროექტის ახალ ვერსიაზე მუშაობა დაიწყო.

"რამდენად საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონდებლობის გადახედვა და რას შეცვლიდით ამ კანონმდებლობაში?" - ეს შეკითხვა "ბიზნესპრესნიუსმა" ქართველ ეკონომისტებს დაუსვა. ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ მთავარია კანონმა ამ ინსტიტუტის რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოს:

ვაჟა ბერიძე - მე ვფიქრობ, რომ მთავარი ეროვნული ბანკის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა, მაგრამ ამის საშუალებას მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა. ამ კანონის შედეგად ჩვენ მივიღეთ ეროვნული ბანკი, რომელიც აბსოლუტურად ექვემდებარებოდა მმართველი პოლიტიკური ძალის ნებას. "ნაციონალები" ახერხებდნენ მარტივი მანიპულაციების გზით დაემტკიცებინათ ეროვნული ბანკის საბჭო და მერე მთელი სექტორი ემართათ. სწორედ ასე მივიღეთ ეროვნული ბანკი, რომელიც ამ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას ასრულებდა და მისი მხარდამჭერებითა და აქტივისტებით იყო დაკომპლექტებული. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დღემდე ძალიან დაბალია და შესაძლოა, დღემდე კონტროლდებოდეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. აი, ეს მივიღეთ იმის გამო, რომ დღეს მოქმედი კანონი ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის რეალურ დამოუკიდებლობას. სწორედ ამით აიხსნება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც. ახლა ჩვენ კიდევ ერთ ჩიხში შევდივართ, რადგან ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი შეიძლება მომავალ წლამდე არ ჰყავდეს: გიორგი ქადაგიძე მიდის და მის გარდა 2016 წლის ბოლოს საბჭოს კიდევ სამ წევრს გასდის ვადა. ალბათ, ბანკის სათავეში მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი - არჩილ მესტვირიშვილი დარჩება.

ვაჟა ბერიძის თქმით, არჩევნები ბევრ რამეს დაალაგებს, შემდეგ უკვე შეიძლება ვიფიქროთ კანონის გადახედვაზეც: "კანონმდებლობა უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა დეტალს უნდა ითვალისწინებდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ კანონი როდია დამნაშავე, რადგან ყველა ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია თავის თავზე მოირგოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კანონი უკეთესად დაიცავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას", - ამბობს ექსპერტი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი კი აღნიშნავს:

- ბანკი არის ერთიანი ორგანო, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს და მას უნდა ჰქონდეს ყველა ბერკეტი, რომელიც მისი ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს. ალბათ ეროვნული ბანკმა თავის საქმიანობაში უფრო მეტად უნდა გამოიყენოს ზედმახედველობის თანამედროვე სტანდარტები, ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, კანონს ამ მიმართულებით შევცვლიდი. ასევე საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომა ბანკებისადმი და მეტი ზედამხედველობა საბანკო სისტემისადმი. რაც შეეხება ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის იდეას, არა მგონია ამ სააგენტოს უფრო მეტი გაეკეთებინა, ვიდრე ეროვნულ ბანკს შეუძლია გააკეთოს. არჩევნები ახლოვდება და ქვეყნის პარლამენტმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ცენტრალური ბანკი რაც შეიძლება კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდეს.

ამ საკითხის შეფასება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურსაც ვთხოვეთ. მან პრეზიდენტის განცხადებას "არაკორექტული" უწოდა და მიზეზიც აგვიხსნა:

- მე არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობა გადახედვას საჭიროებს, პრინციპულ საკითხებში რაიმე ცვლილების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, თუმცა არ ავჩქარდები და საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწვეტილებას დაველოდები. პრეზიდენტმა თავის დროზე ვეტო დაადო ამ საკითხს და ახლა ასე კატეგორიული არ უნდა იყოს. ჩვენი ვარიანტი, რომელიც ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედებას გულისხმობდა, უფრო გამჭვირვალე იყო, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ყველაფერი ძველებურად დარჩა: სადავეები ისევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადაეცა და საზოგადოებისთვის დაფარულია, რა ხდება ამ უწყებაში. ასე რომ, სწორედ პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაგვიტოვეს არანაირი შანსი, რომ რომელიმე ორგანოს ეროვნული ბანკის საქმიანობაზე წვდომა ჰქონოდა. ცუდია, რომ ჯერ პრეზიდენტმა ვეტო დაადო და გაწელა ეს პროცესი, მერე კი, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა და ამით, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ამ თვის ბოლოს გიორგი ქადაგიძეს უკვე ვადა ეწურება და უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ჯერჯერობით უცნობია, ახლავე მოხერხდება პრეზიდენტის არჩევა, თუ დეკემბრის ბოლოს. თამაზ მეჭიაურის შეფასებით, "მესტვირიშვილი კარგი პროფესიონალი და ნაკლებად პოლიტიზირებული ადამიანია და თუ მას აირჩევენ, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება, თუმცა დეკემბერში მისი ვადაც იწურება. ასე რომ, პრეზიდენტის სხვა კანდიდატურა მაინც უნდა შეირჩეს" - აცხადებს მეჭიაური.

ხათუნა ჩიგოგიძე