"ტვიტერმა" 125 000-ზე მეტი გვერდი დაბლოკა

სოციალურმა ქსელმა "ტვიტერმა" 125 000-ზე მეტი გვერდი დაბლოკა, რომლებიც ტერორიზმის წახალისებას უწყობდა ხელს. "ბიბისის" ცნობით, როგორც "ტვიტერის" განცხადებაშია აღნიშნული, საეჭვო გვერდები სავარაუდოდ, "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყო კავშირში.

"ჩვენ ვგმობთ "ტვიტერის" ტერორიზმის წახალისების მიზნით გამოყენებას", - წერია სოციალური ქსელის განცხადებაში.

"ტვიტერს" მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

"ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურების გამო, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობა სოციალური მედიის ორგანიზაციებს მოუწოდებს, მიიღონ საჭირო ზომები ისეთი ონლაინაქტიურობის შესაჩერებლად, რაც ხელს უწყობს ტერორიზმის წახალისებას.