რუსეთში ტკბილეულზე, შესაძლოა, აქციზის გადასახადი დაწესდეს

რუსეთში ტკბილეულსა და ჯანმრთელობისათვის სხვა არასასურველ პროდუქციაზე, შესაძლოა, აქციზის გადასახადი დააწესონ. რუსული მედიის ცნობით, აქციზით დასაბეგრ პროდუქციაში შევა სხვადასხვა სახის ტკბილეული, კარტოფილის ჩიფსები, პალმის ზეთი და სხვა. აღნიშნული ინიციატივის მიზანს რუსეთში ჯანსაღი კვების ხელშეწყობა და ამასთან, ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

შესაბამისი წინადადებით რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა. „მსგავსი ზომების მიღება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რაც შაქრის გადაჭარბებით მოხმარებისა და დაავადებების რიცხვის შემცირებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანიებმა აღნიშნულ ინიციატივას მიუღებელი უწოდეს. მათი თქმით, ახალი გადასახადი მათზე ფინანსურად ნეგატიურად აისახება, რასაც სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვება.

ექსპერტების განცხადებით კი აქციზის გადასახადის დაწესება ტკბილეულსა და პალმის ზეთზე ფასების მატებას გამოიწვევს.

მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, პირველ რიგში აქციზის გადასახადი პალმის ზეთზე დაწესდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შემთხვევაში დაახლოებით ივლისისთვის შევა ძალაში. წინასწარი გათვლებით ერთ ტონა პალმის ზეთზე 200 დოლარის ოდენობის გადასახადი დაწესდება.

რუსეთში ქალების 60 პროცენტს და მამაკაცების 50 პროცენტს ჭარბი წონა აწუხებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანების რიცხვმა იმატა.