თბილისის საკრებულოში ტრადიციული რეწვის ბიზნეს სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული ტრადიციული რეწვის ბიზნეს სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, დედაქალაქის საკრებულოში ტრადიციული რეწვის ბიზნეს სახელმძღვანელოს "როგორ ვაქციოთ ტრადიციული რეწვა ბიზნესად" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიება თამარ ტალიაშვილმა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან ია ქეშელაშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციის "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" ხელმძღვანელთან მაკა დვალიშვილთან ერთად გახსნა. ტალიაშვილმა სტუმრებს პირველად კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში გამოცემული ბიზნესზე ორიენტირებული პრაქტიკული გზამკვლევი წარუდგინა, რომელიც დარგში მოღვაწე ოსტატებისათვისაა განკუთვნილი.

საკრებულოს ინფორმაციით, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ტრადიციული რეწვის ბიზნესის წარმოების, დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები, პროდუქციის განვითარების მეთოდები, ინოვაციის შემოტანის გზები, საგადასახადო სტატუსები და სხვადასხვა საინტერესო რჩევები დამწყები და უკვე გამოცდილი ოსტატებისათვის.

ღონისძიებაზე საახალწლო გაყიდვების მიმოხილვითი ანალიზიც იყო წარმოდგენილი, რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ განხორციელდა.

საკრებულოს ინფორმაციით, კულტურული მეწარმეობის ფესტივალი თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის, ასევე "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" და ევროკავშირის პროექტის Investing In People ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში არაერთი ტრენინგი და გამოფენა ჩატარდა, დასკვნითი გამოფენა კი "თბილისობა 2015" ფარგლებში გაიმართა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კულტურული მეწარმეობის ფესტივალის დაარსების მიზანს მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ფესტივალი თბილისის 2016 წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული და მიზნად ბიზნესის სხვა სფეროს განვითარებას ითვალისწინებს.

ღონისძიებას თილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "ტრადიციული რეწვის ასოციაცია" წარმომადგენლები, ასევე სპეციალისტები ესწრებოდნენ.