ირანი სომხეთში გაზის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში, ირანი სომხეთში გაზის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის (NIGEC) ხელმძღვანელმა ალირეზა კამელიმ განაცხადა.

ირანული სააგენტო MEHR-ის ცნობით, ამ ეტაპზე ირანი სომხეთში ყოველდღიურად 1 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტს ახორციელებს.

სომხეთმა და ირანმა 2015 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე, რომელიც ორი ქვეყნის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. კონტრაქტის ღირებულება 107 მილიონი ევროა.

„ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით, ირანი საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებზე მიბმასაც გეგმავს“, - წერს ირანული სააგენტო.