"ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას"

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის განცხადებით,

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ვახტანგ აბაშიძემ "რუსთავი2"-ს განუცხადა, განიხილება საკითხი "კავკასუს ონლაინის" საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე კომპანია "მობიტელისთვის", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია რუსული "ვიმპელკომი" და ეს კომპანია 2006 წელს შემოვიდა საქართველოში.

"საუბარია საცალო ბაზრის სეგმენტზე და არა მაგისტრალური არხების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და რაც მთავარია, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესახებ", - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალები, ისევე, როგორც სხვა მაგისტრალები რჩება იმავე კომპანიის მფლობელობაში.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.

როგორც ირაკლი ალასანიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აღნიშნულ ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს და განმარტებებს ითხოვს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომლის თქმითაც, არსებულ თემაზე განმარტებების მოთხოვნით "თავისუფალმა დემოკრატებმა" კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობით მიმართა.