"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla მიმდინარე წელს ახალ მოდელს წარმოადგენს, რომელიც სამოდელო გამაში მესამე იქნება და შესაბამისად, Model 3 დაერქმევა.

მოდელის მთავარი სიახლე ელემენტების სრულად დამუხტვით, ერთჯერადად 320 კილომეტრის გავლის შესაძლებლობაა. Tesla Motors-ის დამფუძნებელი ილონ მასკის განცხადებით, კომპანია „რაღაც“ განსაკუთრებულს წარმოადგენს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მესამე მოდელი“ საფლაგმანო Model S-ზე იაფი - 35 ათასი დოლარი ეღირება და უფრო მეტი გამავლობაც ექნება. როგორც ცნობილია, კომპანიის ამჟამინდელი ავტომობილების ღირებულება 60 ათასი დოლარიდან იწყება. ამ შემთხვევაში, სიახლე უფრო „სახალხო“ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მედიის ვარაუდით ავტომობილის პრემიერა მარტში უნდა მოხდეს, მისი პრეზენტაცია დიდი ალბათობით მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდება. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ელექტრომობილის ელემენტების დამუხტვას მხოლოდ 25 წუთი დასჭირდება. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია.

კოკა კვირკველია