სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებმა 2001-2006 წლებში საჯარო მოხელეთა დახმარებით, უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები შეადგინეს და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - მარიამ ძულიაშვილი, მარინე ნადირაძე, ანა მაღრაძე და ცისანა გაბუნია დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილ უფროსთან შოთა დიდებაშვილთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილ უფროს კახაბერ ქარელთან. 2001-2006 წლებში საჯარო მოხელეთა დახმარებით, ბრალდებულებმა შეადგინეს უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, შემდგომში კი უძრავი ქონება ეტაპობრივად გაყიდეს სხვადასხვა პირებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ყველა მათგანს ბრალდება წარედგინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.