ბათუმში მშენებარე შენობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, მრავალსართულიანი კომპლექსის, "პორტ ბათუმი თაუერის" მშენებლობაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო მამაკაცი ერთ საათში გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს მოხდა. გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს, უსაფრთხოების წესების დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულების დროს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.