თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით, სომელიეთა გადამზადების კურსი მიმდინარეობს

ა(ა)იპ "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" მხარდაჭერით, "საქართველოს სომელიეთა ასოციაცია" სომელიეს პროფესიის დასაუფლებელ სასწავლო კურსს ატარებს.

როგორც მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში აცხადებენ, ღვინისმცოდნეობის გადამზადების კურსს ჟიურის მიერ შერჩეული 35 კანდიდატი გაივლის. ყველა მათგანი თბილისში Horeca (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სფეროს თანამშრომელია. სასწავლო შეხვედრები კვირაში 3-ჯერ, საღამოს საათებში გაიმართება.

კურსი "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" მიერ არის დაფინანსებული და მონაწილეთათვის უფასოა.

სწავლების ამოცანაა სომელიეს პროფესიის განვითარება, რომ საქართველოს დედაქალაქში Horeca სექტორში მომსახურების ხარისხი ამაღლდეს და ეს სექტორი ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გახდეს.

6 და 7 თებერვალს, "საქართველოს სომელიეთა ასოციაციის" თბილისის სკოლის მსმენელებს საკუთარი გამოცდილება "იტალიის სომელიეთა ასოციაციის (ASPI)" პრეზიდენტმა ჯუზეპე ვაკარინიმ გაუზიარა. ორდღიანი მასტერკლასი სომელიეს ხელოვნებას, ღვინისა და კერძების შეხამებასა და ღვინის დეგუსტაციას დაეთმო.

სასწავლო კურსი 29 აპრილამდე გაგრძელდება. მონაწილეები, ვინც წარმატებით ჩააბარებენ "საქართველოს სომელიეთა ასოციაციის" თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათ "სომელიეს" ან "ასისტენტ სომელიეს" სტატუსი. ეს სტატუსი აღიარებულია "საქართველოს სომელიეთა ასოციაციის" მიერ, რომელიც "საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის" (Association de la Sommellerie Internationale (ASI) ოფიციალური წევრია 2014 წლიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ თბილისში მომუშავე რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს, ღვინის მაღაზიებს, ღვინის ბარებს, ტურისტულ და სხვა თემატურ ორგანიზაციებს ან/და დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს (Horeca-ს სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე).