დავით სერგეენკო - არ ვაპირებ ზურაბ ჭიაბერაშვილთან პაექრობაში შევიდე, რატომღაც ძალიან უჭირს არგუმენტების დადება

არ ვაპირებ ზურაბ ჭიაბერაშვილთან პაექრობაში შევიდე, რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ რატომღაც ძალიან უჭირს არგუმენტების დადება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკომ კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წამლების გაიაფება უხარისხო მედიკამენტების შემოტანის ხარჯზე ხდება.

ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება ამ მიზნით კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიასთვის" 30 მლნ დოლარის კრედიტის გაცემისთვისაც გააკრიტიკა.

დავით სერგეენკოს თქმით, სტრატეგია იყო და არის ორი რამ: ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა და მეორე - ბაზარზე ისეთი პირობები შეიქმნას, რომელიც ახალი მოთამაშეების შემოსვლას უზრუნველყოფს, ანუ კონკურენციის უზრუნველყოფას.

"ამ სტრატეგიამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო. ახალი კომპანია გამოჩნდა, მე იმედი მაქვს, რომ მას სხვა კომპანიებიც მოჰყვებიან", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, წამლის ბაზარზე ფასების ცვლილებებს პირადად არც სერგეენკო და არც ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონტროლებს.

"ჩვენ ვუყურებთ ზოგადად ბაზარზე ფასების ცვლილებებს. ახლა რასაც ვხედავთ, ამ ახალი კომპანიის შემოსვლამ ბაზარზე ფასების ცვლილებები უკვე გამოიწვია. კერძოდ, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების შემცირება, რაც თურმე შესაძლებელი ყოფილა. კონკურენციამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო", - განმარტა სერგეენკომ.