გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 500-ზე მეტი მოზარდი მუსიკალურ განათლებას უფასოდ მიიღებს

გორის ფოლკლორულმა ანსამბლმა "მაჩაბელამ" მუნიციპალიტეტებში ფოლკლორული სიმღერების, საგალობლებისა და ქართული ხალხური საკრავების შემსწავლელი უფასო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.

როგორც გორის გამგეობაში აცხადებენ, პირველი გაკვეთილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ჩატარდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ერთი ოთახი გამოიყო.

"პარალელურად, მსგავსი ტიპის ცენტრები მუნიციპალიტეტის 9 სოფელში დაიწყებს ფუნქციონირებას. ჯამში, პოექტში მონაწილეობას 500-ზე მეტი მოზარდი მიიღებს. სწავლის პროცესში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საკრავი ინსტრუმენტებით.

მსურველების შერჩევაში მონაწილეობას პირადად იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი არსენ აზალაძე, ფოლკლორული ანსამბლ "მაჩაბელას" დირექტორი მიხეილ წითელაშვილი და ანსამბლის სხვა წევრები. ისინი მუნიციპალიტეტის ყველა იმ სოფელში ჩავიდნენ, სადაც მოსწავლეებისთვის ადგილზე არ იყო ხელმისაწვდომი მუსიკალური განათლების მიღება. დაგეგმილია ბავშვთა ანსამბლის ჩამოყალიბებაც, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა კონკურსებისთვის მომზადდებიან", - აცხადებენ გორის გამგეობაში.