დიმიტრი ქუმსიშვილი - "ტავ ჯორჯია" საკუთარი სახსრებით განაახლებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ისე, რომ მას ოპერირების წლები არ მოემატება

ჩვენ მივაღწიეთ "ტავ ჯორჯიასთან" ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის მიხედვით, კომპანია საკუთარი სახსრებით, თავისი ინვესტიციებით განაახლებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ისე, რომ მას ოპერირების წლები არ მოემატება , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

"1-ელი მარტიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით ჩვენ გვექნება 10-საათიანი შეზღუდვა, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში, უკვე განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით იფუნქციონირებს აეროპორტი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით შეიცვალა ის ხელშეკრულება, რომელიც 2037 წლამდე გრძელდებოდა.

"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ახალი ხელშეკრულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას" ოპერირების ვადა გრძელდება 2027 წლამდე. ინვესტიციებს ახორციელებს თურქული მხარე და ჩვენ ამაში დამატებით საზღაურს აღარ ვიხდით. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის გადანაწილებული კიდევ შემდეგ ათ წელზე. მას შემდეგ, რაც 2027 წელს ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, შესაძლებლობა გვექნება კონცესიაში კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მივიღოთ ის პირობები, რა პირობებიც ჩვენ გვინდა - მივიღოთ შემოსავალი, მივიღოთ უკეთესი სატარიფო პოლიტიკა და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის უდიდესი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, მანამდე არსებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, პრაქტიკულად, არანაირ მექანიზმს იმისა, რომ სახელმწიფოს დაეცვა მომხმარებლის უფლებები და აეროპორტის ფუნქციონირება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ყოფილიყო.

"დღეს ეს ყველაფერი ჩადებულია უკვე ახალ ხელშეკრულებაში. იქნება დაახლოებით სამთვიანი შეზღუდვა დღის ფრენებზე, რაც ძალიან მტკივნეულია, თუმცა შემდგომ პერიოდში უკვე გვექნება კარგი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელშიც ინვესტირებას უკვე ახორციელებს ინვესტორი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (31L/13R) ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში: 2016 წლის 1-ელი მარტიდან 27 მარტამდე ყოველდღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე; 2016 წლის 27 მარტიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით ყოველდღე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. დროებითი ცვლილება ფრენის განრიგში გაგრძელდება მხოლოდ ოთხ თვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით და რეისები ძირითადად ღამით შესრულდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის 28 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" და შპს "ტავ-ურბან საქართველოს" შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს. 2005 წლის ხელშეკრულებით შპს "ტავ-ურბან საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე.

"იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპოპრტში მგზავრთნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვაც. თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და "ტავ ჰოლდინგს" და მის შვილობილ კომპანია შპს "ტავ-ურბან საქართველოს" შორის მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო განვითარების საკითხებთან და ხელშეკრულების ახალ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან და აეროპორტის სამომავლო მოთხოვნებთან. ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ: 1) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია, რომელიც განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს. 2) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხეტაპიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მგზავრთნაკადის მატების შესაბამისად", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.