"შეღავათები ეხება ყველას, ვისაც სურვილი აქვს უცხოურ ბირჟებზე განათავსოს აქციები"

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მსხვილი ფინანსური ორგანიზაციები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ.

კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უფლება ენიჭება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უკვე შეეხო იმ კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ბირჟის მოთამაშეები არიან. ასეთი კი, ჯერ სულ სამი კომპანიაა - „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“.

რაში მდგომარეობს აღნიშნული ცვლილების არსი და რატომ გახდა საჭირო მისი მიღება? - ამ საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს, თემურ მაისურაძეს ვთხოვეთ:

- ბატონო თემურ, რატომ შეეხო საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კომპანიას?

- ამის მიზეზი მარტივია: ამ კომპანიებს საერთაშორისო სივრცეში ფასიანი ქაღალდების განთავსების გამო გაწეული აქვთ კონკრეტული ხარჯები. თავისთავად ცხადია, რომ ეს ხარჯები უნდა გამოაკლდეს მათ მიერ მიღებულ მოგებას, რაც წლების განმავლობაში არ ხდებოდა. მათ დახარჯული აქვთ თანხა მომსახურებაზე, ფასიანი ქაღალდების დაბეჭდვაზე, შუამავალი კომპანიების სერვისზე და ა.შ... ეს ადრე არ მიიჩნეოდა გაწეულ ხარჯად, ახლა კი, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი უნდა გამოაკლდეს მის მთლიან მოგებას - ეს არის და ეს.

- როგორ ახსნიდით ამ საკანონმდებლო ცვლილების ძირითად მიზანს?

- პირველ რიგში, ეს იქნება სტიმული ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს თავისი ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბირჟაზე განათავსოს. ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ცვლილება იმ სამ ორგანიზაციას შეეხო, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, გარისკა და თავისი აქციები განათავსა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე. თანაც, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ყველა კომპანიას, რომელსაც ჰქონდა და ახლაც აქვს სურვილი თავისი აქციები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განათავსოს. მართალია, ამის შესაძლებლობა კომპანიებს ადრეც ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ადამიანი ხედავს, რომ გაწეული ხარჯიც მოგებაში ეთვლება, ინტერესს კარგავს. ახლა კი, კომპანიებს უფრო მეტი მოტივაცია და ინტერესი გაუჩნდებათ. ფაქტია, რომ ფასიანი ქაღალდების ინსტიტუცია საქართველოში ჯერ ვერ განვითარდა, რაც ახლო მომავალში უნდა გამოსწორდეს. მით უმეტეს, რომ უკვე გამოსწორდა ხარვეზი, რომელიც ბიზნესს მძიმე ტვირთად ჰქონდა ქცეული - მის მიერ გაწეული ხარჯი ხარჯად არ ითვლებოდა და მოგება - მოგებად. დღეს თუ კომპანია შეძლებს დოკუმენტებით დაამტკიცოს, რომ ეს ხარჯები გაწეული აქვს, მხოლოდ მისი რეალური მოგება დაიბეგრება.

- ბატონო თემურ, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ცვლილება უფრო მომგებიანს გახდის ინვესტორებისთვის საქართველოში შემოსვლას, რის გამოც ქვეყანაში რეალური კონკურენცია შეიქმნება. რა იქნება ინვესტორისთვის უფრო მომგებიანი?

- უკვე აღვნიშნე, რომ ეს ცვლილება საშუალებას მისცემს ქართულ კომპანიებს თავიანთი ქაღალდები საერთაშორისო ბირჟებზე განათავსონ, რაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მოთამაშედ აღიარებას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, ინვესტორი უფრო გაბედულად ჩადებს თავის ფულს ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური სუბიექტები საერთაშორისოდ აღიარებული მოთამაშეები არიან. ჩვენი კომპანიების ქონების აღიარება საერთაშორისო ბირჟებზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკვე აღარ არის ერთი სახელმწიფოს საზღვრებში ჩაკეტილი კაპიტალი.

- საყურადღებოა კიდევ ერთი საკითხი - ამ კომპანიებს აქციებით მიღებული მოგება ხომ არ შეუმცირდებათ, ან პირიქით, ხომ არ გაეზრდებათ?

- გააჩნია, რა დონის მოთამაშეა, როგორია მისი ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში, რა ღირებულების აქციები აქვს, ან როგორ კაპიტალიზაციას მიიღებს... ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, რადგან საერთაშორისო ბირჟებზე მოგება უამრავ პარამეტრზეა დამოკიდებული. ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ იქ შენს აქციებზე მოთხოვნა გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვერავინ დაითვლის, რა ფასი დაედება საერთაშორისო ბაზარზე ამა თუ იმ ფირმის აქციებს,

- როგორ შეაფასებთ ოპოზიციის კრიტიკას, რომ ეს ცვლილება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეეხო?

- ასეთ შეფასებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები: არავითარ მსხვილ ბიზნესზე აქ ლაპარაკი არ არის. საკანონმდებლო ცვლილება ეხება ყველას, ვისაც ფასიანი ქაღალდები აქვს განთავსებული საერთაშორისო ბირჟაზე. კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტულ კომპანიებს - ის ეხება ყველას, ვისაც სურვილი აქვს უცხოურ ბირჟებზე განათავსოს აქციები. და რადგან კანონში არსებული უსამართლობა ბიზნესს ხელს უშლიდა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ამ კომპანიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ცვლილებით ისარგებლებს ყველა, სულ ერთია, მცირე კომპანია იქნება, თუ მსხვილი, რაც ბიზნესისთვის შესანიშნავი სტიმული იქნება.

- და ბოლოს, ქვეყნის ბიუჯეტი ხომ არ დაკარგავს შემოსავალს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გამო?

- ბიუჯეტი არაფერს დაკარგავს, გარდა უსამართლოდ წაღებული თანხისა. ის ადამიანს ართმევდა იმაზე მეტს, რისი გადახდაც ეკუთვნოდა - ხარჯებსაც მოგებაში უთვლიდა, რაც არასწორი და არასამართლიანია. შესაბამისად, ბიუჯეტს მხოლოდ უსამართლოდ წაღებული თანხა დააკლდება. ყველაფერი ძალიან მარტივია: ბიზნესი მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის იმ თანხიდან, რომელიც მას ხარჯებში უნდა ჩაეთვალოს.

ხათუნა ჩიგოგიძე