პროფკავშირები ქსანში გაფიცულ მუშებს მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სრულად უჭერს მხარს ქსნის მინის ტარის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს, ამავდროულად, საწარმოს ხელმძღვანელს, უმით აიდოღანს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს საწარმოს მუშაკთა პროფკავშირის მიერ წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი, მრავალი თვის განმავლობაში პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაცია - მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრწეველობის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირი, მინის ტარის ქარხნის მუშაკთა პირველად პროფკავშირთან ერთად, კონსტრუქციულად და სოციალური პარტნიორობის მაღალი სტანდარტების დაცვით ცდილობდა შრომითი დავის დიალოგის გზით გადაჭრას.

პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ, საწარმოს დირექტორის არაადეკვატურობამ და მის მიერ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის იგნორირებამ, საწარმო გაფიცვამდე მიიყვანა.

"დირექციამ დაარღვია, მედიაციის პროცესში, პროფკავშირთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმების ოქმი, კერძოდ:

1. 15 იანვარს შრომით კოლექტივს არ აცნობა ხელფასის ზრდის კონკრეტული მაჩვენებლის შესახებ;

2. უარი განაცხადა კოლექტიური ხელშეკრულების საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვაზე;

3. უარი განაცხადა საწარმოს პროფკავშირისთვის სამუშაო პირობების შექმნაზე, მათ შორის, სამუშაო ოთახის გამოყოფაზე.

ქვეყანაში, რომელიც ყველა სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის, ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ სოციალური დიალოგის წარმართვის და შესაბამისად, შრომით დავებში კომპრომისების მიღწევის უკეთესი ცოდნა და უნარი. დასაქმებულთა მიმართ ღირსეული და სოციალურად სამართლიანი მოპყრობითაა მხოლოდ შესაძლებელი საწარმოო პროცესის სტაბილურობის, მაღალი შრომის ნაყოფიერების და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ქსანში მეხუთე დღეა მუშების სრულმასშტაბიანი გაფიცვა გრძელდება.