მიხეილ სააკაშვილი - ლაზიკას პორტის პროექტმა სასტარტო შეღავათების უმეტესობა დაკარგა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ლაზიკას პორტის პროექტმა სასტარტო შეღავათების უმეტესობა დაკარგა, რადგან დროულად არ გაიხსნა.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"2012 წელს, რუს ოლიგარქ ივანიშვილის გამარჯვებამ საქართველოს არჩევნებში, სხვა ნეგატიურ შედეგებთან ერთად, გამოიწვია შავ ზღვაზე ლაზიკის პორტის მშენებლობის შეჩერება. მის ექსპლუატაციაში შეყვანას 2013 წლის ბოლოსთვის ვაპირებდი.

ახლა, ეკონომიკის დაშლის გამო, მათ მოუწიათ ჩემ პროექტთან დაბრუნება, რომელსაც დასცინოდნენ და უმოწყალოდ აკრიტიკებდნენ.

სამწუხაროდ, ამ დიდი პროექტის სასტარტო შეღავათების უმეტესობა დაიკარგა. მისი გახსნა მინდოდა ავღანეთიდან ჯარებისა და ტექნიკის გაყვანის პიკზე, სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, რომელიც, ტრადიციულად, ყველაზე მომგებიანია და თავის დროზე, სინგაპურის პორტის სწრაფი განვითარება გამოიწვია.

საქართველოს "ლაზიკა" 2014-ში რომ ჰქონოდა, შეძლებდა ტვირთების ნაწილის წამოღებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო დაიკარგა", - წერს სააკაშვილი.