„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

2016 წელს ლიტვა ნორვეგიიდან უფრო მეტი გაზის იმპორტს განახორციელებს, ვიდრე რუსეთიდან.

ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის როკას მასიულისის გაცხადებით, ნორვეგიიდან გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობა ლიტვას ბუნებრივი თხევადი აირის მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებამ მისცა.

„როიტერის“ ცნობით, ლიტვაში გაზის ექსპორტს ნორვეგიული „სტატოილი“ განახორციელებს. ნორვეგიელები 2016 წელს ლიტვას 1 მილიარდ კუბომეტრზე მეტ თხევად გაზს მიაწვდიან. ქვეყანაში გაზის მოხმარების ოდენობა კი წლიურად 2 მილიარდ კუბომეტრს შეადგენს.

„ლიტვაში თხევადი გაზის იმპორტის მოცულობა სულ მცირე სამჯერ მაინც გაიზრდება, ორი ახალი იმპორტიორის მიერ ნორვეგიულ კომპანია „სტატოილთან“ შეთანხმების გაფორმების შედეგად“, - აღნიშნა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, „სტატოილის“ წილი ლიტვის ბაზარზე 50%-ს გადააჭარბებს.

„ახალი შეთანხმება იმის ნათელი დადასტურებაა, რომ „გაზპრომს“ ბაზარზე რეალური კონკურენტი გამოუჩნდა“, - განაცხადა როკას მასიულისმა.