"ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს

ავსტრიული კომპანია "ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა, გამარჯვების პრეტენდენტი ავსტრიული კომპანია "ალფამედიკ კონსორციუმია".

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია "ალფამედიკის" სატენდერო განვითარების მიმართულების დირექტორმა ლეო მაკკენამ განაცხადა, კომპანია 3 საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 250 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

მისივე ცნობით, სამი ჰოსპიტალი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილას. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თანამშრომლობა გაწერილია 36 თვეზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ბენეფიტებს, ლეო მაკკენას განმარტებით, ეს არის პაციენტების გაუმჯობესებული მომსახურება და ადგილობრივების დასაქმება.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება საჯარო და კერძო პარტნიორების ფორმატში მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდების სამედიცინო აპარატით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.