„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა"

გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, შპს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიასთან” 2009 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროოს.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ინფორმაციით, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. კერძოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული გათამაშებებისგან მიღებული შემოსავლები. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2010 წელს აღნიშნულმა შემოსავალმა 52 000 000 ლარს გადააჭარბა, როცა 2015 წლის სამი კვარტლის მონაცამებით მან 16.000.000 ლარზე ნაკლები შეადგინა. კომპანიამ, მას შემდეგ, რაც მისი 70 %-იანი წილი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, ყოველი წელი წაგებით დაასრულა და დააგროვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები. მხოლოდ 2014 წელს კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები 58 000 000 ლარით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარი შეადგინა (აქედან საურავი 62 634 927 ლარი).

,,საქართველოს ლატარიის კომპანიის ფინანსური ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქმე გვაქვს კომპანიის არასწორ და წარუმატებელ მართვასთან, რაზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია. ლატარიის კომპანიაში არსებული პრობლემების წლების განმავლობაში იგნორირებამ შესაძლოა, ხელიც კი შეუწყო მათ უფრო მეტად გაღვივებას და დიდი ოდენობით დავალიანების დაგროვებას. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება შემდეგი კითხვები:

რატომ არ გააუქმა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ლატარიის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე”, როცა წლებია ეს კომპანია ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას?

მას შემდეგ, რაც საქართველოს ლატარიის კომპანია წლებია წაგებით ასრულებს ყოველ ფინანსურ წელს, რატომ არ დააყენა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის მენეჯმენტის მინიმუმ, შეცვლის საკითხი?

რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიაში სახელმწიფოს წილის პრივატიზება (რომლიდანაც არცთუ დიდი თანხა შევა ბიუჯეტში) ლატარიის ბაზრის სრული დემონოპოლიზაციის ნაცვლად?”, - აღნიშნულია განცხადებაში.