"ბილაინის" გენერალური დირექტორი "ვიმპელკომის" მიერ შავი ზღვის მაგისტრალური კაბელის შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაციას "სპეკულაციას" უწოდებს

"ბილაინის" გენერალური დირექტორის, გიორგი ტყეშელაშვილის განცხადებით, "ვიმპელკომი" ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენით დაინტერესებული არ არის. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, კომპანია განიხილავს მხოლოდ საცალო სეგმენტის შესყიდვას, რაც"ბილაინის" მიერ მხოლოდ "კავკასუს ტვ"-ის და სადენიანი ინტერნეტის სერვისის შეძენას გულისხმობს.

"პროცესი გამჭვირვალეა და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო შეძენაზე არის საუბარი, გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელზე საუბარი, შესაბამისად, ის არ არის მოლაპარაკების ნაწილი", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე მაგისტრალის ყიდვის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიას ამის სურვილი არ აქვს.

"ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. არ გვაქვს დაინტერესება. მეტი სიცხადისთვის მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ბულგარეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი კაბელისა, რომელიც შავ ზღვაზე გადის, არის ბევრი სახმელეთო კაბელი, კერძოდ, სამი შემოდის თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. შენდება მაგისტრალურ კაბელები რუსეთზე. საქართველოს ინტერნეტტრაფიკის მიმოცვლის თვალსაზრისით ნაკადები საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს. რუსეთთანაც რომ გაკეთდება, უკვე ყველა მხრიდან აბსოლუტურად დივერსიფიცირებული იქნება. ანუ არანაირი საფრთხე ინტერნეტის ხარისხის გაუარესების ან მომსახურების შეწყვეტის არ ექნება. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან საინტერესო ბენეფიტი და პლიუსია. ასე რომ, ის განცხადება, რომ ეს ერთი კაბელია, არ არის სწორი. გასაგებია, რომ ევროპიდან ინტერნეტი მოდის შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელიდან, თურქეთის კაბელიდან და შემდეგ გადის აზერბაიჯანში, სომხეთში და ა.შ. ჩემი აზრით, საქართველოს მყარი პოზიციები უჭირავს რეგიონში ინტერნეტბაზარზე იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი არხი და წყარო ინტერნეტის მომარაგებისა და მიღების", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების მტკიცებით, იგეგმება იმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება, რომლითაც საქართველო ინტერნეტს იღებს და მიბმულია ევროპასთან.

პარტიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. აღნიშნულ დასკვნას პარტია იქედან გამომდინარე აკეთებს, რომ კომპანია "ვიმპელკომი", რომელიც საქართველოში შპს "მობიტელის ("ბილაინი") სამარკო ნიშნით ოპერირებს, რუსული კომპანიაა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელმაც საკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიებს ბიზნესგარიგების შემთხვევაში ნებართვა უნდა მისცეს, აცხადებენ, რომ მაგისტრალის გასხვისებაზე საუბარი არ არის.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისების შესაძლებლობა გამორიცხა.