დავით სერგეენკომ და დავით საგანელიძემ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოისმინეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოისმინეს.

ავსტრიული კომპანია "ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში 250 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა, გამარჯვების პრეტენდენტი ავსტრიული კომპანია "ალფამედიკ კონსორციუმია".

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემაში შეიქმნას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და კლინიკური პოტენციალის მქონე დაწესებულებები, რომელშიც ჩადებული იქნება დიდი ინვესტიციები, ასევე სახელმწიფოს დარჩება მასში სრული კონტროლი.

"გარდამავალ ეტაპზე შეუძლებელი იქნება სამივე საავადმყოფოს დახურვა და სრული რეკონსტრუქცია, ამიტომ მთავარი ამოცანაა გაიწეროს გარდამავალი გეგმა. პირველ ეტაპზე, მაქსიმალური რესურსები მიმართული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, რომ ერთი მხრივ, იქ აღდგეს ინფრასტრუქტურა, დაიხვეწოს და შესაბამის სტანდარტებში მოვიდეს, მეორე მხრივ, ნაწილობრივ თავის თავზე აიღოს ის დატვირთვა, რაც ონკოლოგიურ ცენტრს და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს აქვს. ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდეს რესპუბლუკურის გარდა, ორი დანარჩენი კლინიკის რეაბილიტაცია და სწორად დაგეგმარება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა პროექტის მოდელზე, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"თუ ჩვენმა პარტნიორებმა დაგვარწმუნეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა ჩვენთვის მისაღებია, პროცესი წელსვე დაიწყება. სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება კონკრეტული სარეკონსტრუქციო სამუშაობი, თუმცა პაციენტების მკურნალობა არ შეწყდება. საბოლოო ჯამში, 2019 წლის დასაწყისში მივიღებთ განახლებულ, მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის შეფასებით, აღნიშნული პროექტი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულა. მისივე თქმით, ამაყობს, რომ საპარტნიორო ფონდი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა.

დავით საგანელიძის განმარტებით, მიმდინარეობს კომპანია "ალფამედიკის" წინადადების შესწავლა და დამუშავება. აღნიშნული კომპანია ჯერჯერობით გამარჯვებულად გამოცხადებული არ არის. გადაწყვეტილება წინადადების დეტალურად შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე შეფასებით, "ალფამედიკ კონსორციუმი" საკმაოდ ძლიერი კომპანიაა.

"პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიარდამდეა. ამ მხრივ, მონაწილება იქნება როგორც ინვესტორის მხრიდან, რომელსაც ვალდებულება აქვს დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს. სახელმწიფო, საპარტნიორო ფონდის სახით მონაწილეობას მიიღებს, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ზუსტად ციფრების ოდენობა. ყველა სხვა პროექტში მინორიტარით გამოდის, ანუ საკონტროლო პაკეტს ჩვენ არ ვიტოვებთ. მხოლოდ საწყის ეტაპზე, რამდენიმე წელი ვმონაწილეობთ ბიზნესში, რომ მათი საწყისი კაპიტალი გავაძლიეროთ. ხოლო, რამდენიმე წლის შემდეგ გამოვდივართ ბიზნესიდან, ამოგვაქვს ჩვენი თანხა და აწყობილი ბიზნესი ჩვენს პარტნიორებს რჩება. ხელშეკრულება განსაზღვრავს, თუ რამდენი წლის შემდეგ გვექნება ბიზნესიდან გამოსვლა. როგორც წესი, 5-7 წელი ვრჩებით ბიზნესში და შემდეგ გამოვდივართ. სახელმწიფოს ჩადებული თანხა გარკვეული მოგებით ამოაქვს", - განმარტა დავით საგანელიძემ.

მისივე ცნობით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სამი საავადმყოფო ერთ კლასტერში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსდება.