ვახტანგ აბაშიძე - თუ მაგისტრალური კაბელების შეძენაზე ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის განხილვაზე

თუ მაგისტრალური კაბელების შეძენაზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე , - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისია შპს "მობიტელის" და "კავკასუს ონლაინის" ერთობლივ განცხადებას განიხილავს.

ვახტანგ აბაშიძემ სხდომის მიმდინარეობისას ორივე კომპანიის წარმომადგენლებს მიმართა. "იმ შემთხვევაში თუ მედიით გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, რომ აწარმოებთ მოლაპარაკებას წყალქვეშა მაგისტრალის და საქართველოზე გამავალი სხვა მაგისტრალური კაბელების შეძენაზე, გაყიდვაზე, გამიჩნდება დამატებითი კითხვები და პასუხები სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე. ამას სპეციალურად ვამბობ, რადგან მოჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებას მოითხოვს", - განაცხადა აბაშიძემ.

,კავკასუს ონლაინისა" და ,,მობიტელის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მაგისტრალის შეძენაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არამედ საუბარია საცალო სეგმენტის შეძენაზე.